განცხადება - ლეუკოვორინის (ფოლინის მჟავის) გამოყენების შესახებ აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს
ივნი 17, 2026 / სამეცნიერო / 284  

განცხადება - ლეუკოვორინის (ფოლინის მჟავის) გამოყენების შესახებ აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობლებისა და სპეციალისტების ინტერესი ლეუკოვორინის (ფოლინის მჟავის) გამოყენების მიმართ აუტიზმის სპექტრის აშლილობის (შემდგომში „აუტიზმის“) მქონე ბავშვებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აუტიზმის კვლევის საერთაშორისო საზოგადოებასთან (INSAR) და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიისა და მოსაზღვრე პროფესიების საერთაშორისო ასოციაციასთან (IACAPAP), ეყრდნობა დღეისათვის არსებულ მტკიცებულებებს და იზიარებს საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების [მათ შორის ამერიკის პედიატრიის აკადემიისა (AAP) და ამერიკის ბავშვთა ნევროლოგთა საზოგადოების (CNS) მიერ] გამოქვეყნებულ რეკომენდაციებსა და მტკიცებულებებს.

ლეუკოვორინი წარმოადგენს ფოლატის აქტიურ ფორმას, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი  სამედიცინო მდგომარეობების დროს, თუმცა, დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს, რომ იგი აუტიზმის სტანდარტულ ან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობად ჩაითვალოს.

გამოქვეყნებული კვლევები მცირე მასშტაბისაა, მეთოდოლოგიურად არაერთგვაროვანია და ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემთა სანდოობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს [გამოქვეყნებული კვლევა (European Journal of Pediatrics (2024) 183:4827-4835), უკან გაიწვიეს არასაკმარისი სანდოობის გამო - Panda, et al, 2026]. 

არ ჩატარებულა ფართომასშტაბიანი, მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, რანდომიზებული კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ლეუკოვორინის ეფექტურობას აუტიზმის ძირითადი სიმპტომების მკურნალობისთვის.

ნეიროგანვითარებითი დარღვევების სფეროში ლეუკოვორინის გამოყენების ყველაზე მკაფიოდ დასაბუთებული ჩვენებები დაკავშირებულია ფოლატის მეტაბოლიზმის ან ტრანსპორტის გენეტიკურად დადასტურებულ დარღვევებთან, მათ შორის ცერებრული ფოლატის დეფიციტის (CFD) გარკვეულ ფორმებთან და ფოლინის მჟავაზე დამოკიდებულ ეპილეფსიასთან. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის მიზანი მეტაბოლური დარღვევის კორექციაა და არა, აუტიზმის მკურნალობა.

ფოლატის რეცეპტორის აუტოანტისხეულების (FRAA/FRAT) ტესტირების კლინიკური მნიშვნელობა ამ ეტაპზე შეზღუდულია. არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი და აღნიშნული ტესტირება არ წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვებში აუცილებელ და პირველი რიგის არჩევანს, და არც ლეუკოვორინი - რუტინულ სამკურნალო საშუალებას.

მოვუწოდებთ კლინიცისტებს, ყველა პაციენტის გამოკვლევის და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის გამოყენებით. აუტიზმის მქონე ბავშვების შეფასება და მხარდაჭერა ეფუძნება მაღალი სარწმუნოობის მქონე საერთაშორისო გაიდლაინებს, რაც გენეტიკური კვლევების ჩატარების აუცილებლობას განიხილავს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს შესაბამისი კლინიკური ჩვენება.

ისევე როგორც ნებისმიერი ჩარევის, ლეუკოვორინის გამოყენების გადაწყვეტილების პროცესში ოჯახს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მკურნალობის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების, მონიტორინგის გეგმის, შესაძლო სარგებლისა და რისკების, არასაკმარისი მტკიცებულებების და გაურკვევლობების შესახებ.

საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლეუკოვორინი არ წარმოადგენს აუტიზმის რუტინულ მკურნალობას. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევები, რათა განისაზღვროს მისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ოჯახების ინფორმირებულ არჩევანს, პროფესიული ეთიკის დაცვის აუცილებლობას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კლინიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Balkanas, M., Durcan, G., & Doğangün, B. (2026). Emerging Discussions on Folinic Acid and Acetaminophen in Autism. Journal of autism and developmental disorders, 56(5), 2084–2086. https://doi.org/10.1007/s10803-026-07307-2

აშშ-ს ბავშვთა ნევროლოგთა საზოგადოების განცხადება: https://www.childneurologysociety.org/community/advocacy/position-statements/cns-position-statement-on-leucovorin-use-in-autism-and-related-disorders/?fbclid=IwY2xjawSfI3pleHRuA2FlbQIxMABicmlkETE3Zlp6cDFFSlN0OTdZMEU1c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHlKNDvF4N2eiRGQGfYdzjUC_RtekzQlaFGxCtsVhaLL6cqjl1BBczoDRaO5z_aem_0F7JLJCTCeXvZQlqzqr2ow

Rossignol, D. A., & Frye, R. E. (2021). Cerebral Folate Deficiency, Folate Receptor Alpha Autoantibodies and Leucovorin (Folinic Acid) Treatment in Autism Spectrum Disorders: A Systematic Review and Meta-Analysis. Journal of personalized medicine, 11(11), 1141. https://doi.org/10.3390/jpm11111141

Frye, R. E., Slattery, J., Delhey, L., Furgerson, B., Strickland, T., Tippett, M., Sailey, A., Wynne, R., Rose, S., Melnyk, S., Jill James, S., Sequeira, J. M., & Quadros, E. V. (2018). Folinic acid improves verbal communication in children with autism and language impairment: a randomized double-blind placebo-controlled trial. Molecular psychiatry, 23(2), 247–256. https://doi.org/10.1038/mp.2016.168

Renard, E., Leheup, B., Guéant-Rodriguez, R. M., Oussalah, A., Quadros, E. V., & Guéant, J. L. (2020). Folinic acid improves the score of Autism in the EFFET placebo-controlled randomized trial. Biochimie, 173, 57–61. https://doi.org/10.1016/j.biochi.2020.04.019

Panda, P. K., Sharawat, I. K., Saha, S., Gupta, D., Palayullakandi, A., & Meena, K. (2026). Retraction Note: Efficacy of oral folinic acid supplementation in children with autism spectrum disorder: a randomized double-blind, placebo-controlled trial. European journal of pediatrics, 185(2), 109. https://doi.org/10.1007/s00431-026-06769-x

Sinmaz, N., Amatoury, M., Merheb, V., Ramanathan, S., Dale, R. C., & Brilot, F. (2015). Autoantibodies in movement and psychiatric disorders: updated concepts in detection methods, pathogenicity, and CNS entry. Annals of the New York Academy of Sciences, 1351, 22–38. https://doi.org/10.1111/nyas.12764

President’s Commission for the Study of Ethical Problems in Medicine and Biomedical and Behavioral Research. Deciding to Forego Life-Sustaining Treatment: A Report on the Ethical, Medical, and Legal Issues in Treatment Decisions. Washington, DC: U.S. Government Printing Office, March 1983. Pages 197-229 (Chapter on Seriously Ill Newborns), especially pp. 217-223.

American Academy of Pediatrics: https://www.aap.org/en/patient-care/autism/use-of-leucovorin-in-autistic-pediatric-patients/frequently-asked-questions-faqs-for-pediatricians-and-other-prescribing-pediatric-clinicians/?srsltid=AfmBOop7mcdsMXi0R0iQaLup9cidzwOjoT52-SR4UPmGsvhEdjB4yPQy

INSAR: https://www.autism-insar.org/page/insarstatement

პოპულარული ჩანაწერები