27 სექტემბერს საბაუნის სტუდენტურ სივრცეში შედგა ვორკშოპი: ენობრივი განვითარების დარღვევა (ეგდ/DLD) - წარსული, აწმყო და მომავალი.
ვორკშოპი ჩატარდა ორი პროექტის ფარგლებში:
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი (FR2024): «ენობრივი განვითარების დარღვევის (ეგდ-ის) იდენტიფიცირება ქართულენოვან ბავშვებში»
• IDLDRC DLD Research Grant 2024, Australia: «Roadmap to Identify, Assess, and Support Children with Developmental Language Disorder in Low- and Middle-Income Countries»
ვორკშოპს უძღვებოდა თამარ კალანდაძე, ნორვეგიის ოსტფოლდის უნივერსიტეტის კოლეჯის სპეციალური განათლების, განვითარების მეცნიერებისა და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობების მიმართულების პროფესორი.
ვორკშოპის პირველ, საგანმანათლებლო ნაწილში ენობრივი განვითარების დარღვევის ისტორიის, ტერმინოლოგიის, იდენტიფიკაციის, დიაგნოსტიკისა და ინტერვენციის შესახებ მოხსენებებით წარსდგნენ პროფესორი თამარ კალანდაძე და ახალგაზრდა მკვლევრები, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტები: სალომე ჭყონია, თამარ ჩოჩიშვილი და მარიამ მებურიშვილი. ვორკშოპს ფასილიტაციას უწევდა კვლევის კოორდინატორი მაია გაბუნია.
ვორკშოპის მეორე ნაწილში ვორკშოპის მონაწილეებმა მკვლევრებს გაუზიარეს თავისი გამოცდილება ენობრივი განვითარების დარღვევის კლინიკური ნიშნების შესახებ.
ვორკშოპი ორმხრივად სასარგებლო იყო, მონაწილეებმა მიიღეს უახლესი ინფორმაცია ენობრივი განვითარების დარღვევის შესახებ, ხოლო მკვლევრებმა, ქართულენოვან ბავშვებში ენობრივი განვითარების დარღვევის გამოვლენის თავისებურებები.
დიდი მადლობა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს გულთბილი მასპინძლობისთვის.