ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი
დიაგნოსტიკური მულტიდისციპლინური გუნდის წევრი,
ქცევითი თერაპევტი
ელენე ყურაშვილი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმაში მუშაობს 2015 წლიდან. ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრი (2011-2015) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოტრავმატოლოგიის პროგრამის მაგისტრი (2021-2023).
ამჟამად ელენე არის დიაგნოსტიკური მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, რის ფარგლებშიც, 2020 წლიდან აფასებს ბავშვებსა და მოზარდებს სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტების გამოყენებით (აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სქემა ADOS-2; 2023 წლიდან ინტელექტის შესაფასებელი ტესტები WISC-V, WPPSI-IV). აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სქემა, ADOS-2-ის კლინიკურ პრაქტიკასა და კვლევაში გამოყენების უფლების მოსაპოვებლად 2020 წელს ტრენინგი გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სერვისის, ტრეინინგის, ადვოკატირებისა და კვლევის ცენტრში აუტიზმისა და განვითარების დარღვევებისთვის (STAR Center).
ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარა 2015 წელს. იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა ჩვენ ცენტრში ქცევის თერაპევტის (ტექნიკოსის) პოზიციაზე, რის შემდეგაც, ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკების შესახებ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენინგებსა და ვორქშოფებში. 2018 წელს გაიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას. ასევე, ტრენინგი ბავშვის ვერბალური უნარების შეფასების და განმავითარებელი პროგრამის შედგენაში ინსტრუმენტის VB-MAPP (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program) გამოყენებით - ბავშვის განვითარების შეფასებას და შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.
2019 წლიდან არის დამოუკიდებელი ქცევითი თერაპევტი. 2020 წელს კი გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ტრენინგი კომუნიკაციის, ქცევისა და ფუნქციური უნარების შესაფასებელი ინსტრუმენტის, „EFL - ცხოვრებისთვის აუცილებელი“ (Essential For Living Assessment), პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ინსტრუმენტი იძლევა როგორც ფუნქციური უნარების შეფასების, ასევე ინდივიდუალური განმავითარებელი გეგმის შემუშავების საშუალებას.
ელენე ყოველწლიურად ესწრება ბავშვთა განვითარების დარღვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენციებს და სიმპოზიუმებს. ხოლო EACD2019-ზე იყო მიწვეული სპიკერი, სადაც, კოლეგებთან ერთად წარადგინა მოხსენება თემაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი აუტიზმის მქონე ბავშვების უკეთესი ცხოვრებისთვის“. 2023 წლიდან არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრი.
ელენე ასევე ჩართულია კვლევით საქმიანობაში. 2019-2021 წლებში იყო მკვლევარი ინტერვიუერი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში „აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ (FR-18-304).
2023 წლიდან, ECHO Autism-ის პროგრამის ფარგლებში, ელენე ჩართულია საქართველოში ECHO მოდელის დანერგვაში (როგორც საქართველოს ჰაბის წევრი), რომლის ფარგლებშიც ხდება რეგიონებში მოღვაწე 50-მდე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების ოჯახის ექიმის გაძლიერება განვითარების პრობლემების, მათ შორის აუტიზმის ადრეულ ასაკში ამოცნობასა და სახელწიფო სერვისებში რეფერირებაში.